ილქნურ ფედერი, პირადი კონსულტაციების კომპანიის — “Bridge” (“Köprü”) — დამფუძნებელი
2003 წელს ილქნურმა დააფუძნა საკონსულტაციო და პიროვნული განვითარების კომპანია „Bridge“ („Köprü“). მისი კომპანია საკონსულტაციო მომსახურებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სთავაზობს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას როგორც მათ, ისე სხვა დაუცველ ადამიანებს. ილქნური აქტიურად იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფუნდამენტურ უფლებებს.
ილქნურს თავადაც აქვს ფიზიკური შეზღუდვა. ამავე დროს, იგი თავმჯდომარეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თურქული ასოციაციის იზმირის ფილიალს. ის ასევე ხელმძღვანელობს იზმირის სავაჭრო პალატის ჯანმრთელობის საბჭოს.
შეზღუდული შესაძლებლობის გამო სკოლაში სწავლა აეკრძალა, ამიტომ ილქნურმა საბაზისო განათლების მიღება ვერ შეძლო. მან დამოუკიდებლად ისწავლა წერა-კითხვა ფეხებით. კითხულობდა მრავალ წიგნს სხვადასხვა დისციპლინიდან და მუდმივად ავითარებდა საკუთარ თავს. მისი ოცნება იყო ფსიქოლოგი გამხდარიყო — ეს სურვილი მას ერთ-ერთი ფილმის ნახვის შემდეგ გაუჩნდა. ამ მიზნის მისაღწევად მან დაწყებითი სკოლა და საშუალო სკოლა ექსტერნის გამოცდებით დაასრულა. შემდეგ ჩააბარა უნივერსიტეტში და სწავლა დაიწყო ეგეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. საბოლოოდ მან უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და სხვა სტუდენტებს შორის მესამე ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი მისი განათლების წინააღმდეგი იყო. განათლების დასრულების შემდეგ მან დააფუძნა კომპანია, რათა შეეცვალა გარემო და ებრძოლა იმ დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აწყდებოდა.
სამუშაო ადგილის დაფუძნებამდე ილქნური ესწრებოდა უნივერსიტეტებისა და საკონსულტაციო ცენტრების მიერ შეთავაზებულ მრავალ პროფესიულ და კლინიკურ სასწავლო კურსს. მისი თქმით, კომპანიის მართვამ მის ცხოვრებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სოციალური მიღების განცდის სახით.




